სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

სამარხვო რულეტი თუ “სიგარეტები”?

გემრიელი სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას დაამშვენებდა. ტომატო წარმოგიდგენთ ყველაზე მარტივ რეცეპტს, რომელიც გასწავლით სამარხვო რულეტის სწრაფად და იოლად მომზადებას. გიყვართ “სიგარეტები”? არაა პრობლემა! ეს არის “ორი ერთში” რეცეპტი. ისწავლეთ ამ ერთი რეცეპტით ორი დესერტის მომზადება!

სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.ჭ.+2 ს.კ. ზეთი
  • 1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი
  • 1 ჩ.ჭ. ნიგოზი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 3.5 ჩ.ჭ.ფქვილი
  • 1 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
  • 1 ჩ.კ.სოდა
  • სურვილისამებრ ცოტა ქიშმიში

პირველი ეტაპი:

3 ჩაის ჭიქა ფქვილი მოათავსეთ ჯამზე, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შემდეგ ჩაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.

მეორე ეტაპი:

ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და მიხაკი. სურვილისამებრ ქიშმიშის ჩამატებაც შეგიძლიათ.

მესამე ეტაპი:

გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული და თანაბრად გაანაწილეთ მათზე ნიგვზიანი გულის მასა. შემდეგ გადაახვიეთ ყველაზე დიდი გვერდის მხრიდან. მიღებული რულეტები მოათავსეთ ცივ ფქვილმოყრილ ტაფაზე. ბამბის გამოყენებით ზევიდან გადაუსვით ზეთი და შედგით ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი გავარდისფერდება გამოიღეთ, დაჭერით და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

კომენტარი:

ამავე ინგრედიენტებით შეგიძლიათ სამარხვო “სიგარეტების” მომზადება. ამისათვის ცომი დაყავით გაცილებით უფრო მცირე ზომის სამკუთხედებად და სხვა დანარჩენი პროცედურა გაიმეორეთ იგივენაირად.

იქნებ ინგრედიენტების გამრავალფეროვნებაზეც გვეფიქრა? თქვენ რას დაუმატებდით? თაფლზე რა აზრის ხართ?

“სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით”

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა